ბრძენი და ჭკვიანი ადამიანები



      

დღეს მხოლოდ ზოგადზე არ ვისაუბრებ, ცოტას პირადსაც მოვყვები.
ვინც არ მიცნობს, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა “პრივილეგიაა” ეს, ვინც მიცნობს კიდევ იცის, როგორი ჩაკეტილი მაქვს ჩემი ამბები საკუთარ თავში და მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე უზომოდ აქტიური ვარ, პირად გრძნობებს ძალიან იშვიათად ვასაჯაროვებ. ასე, რომ გილოცავთ, დღეს თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, რომ იმყოფებით ჩემს ბლოგზე :)

მაშასადამე, ჯერ ზოგადად მინდა განვიხილო “სიბრძნის” თემა და აქვე არსებული საჭირბოროტო კითხვები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ყოველდღიურად გვიჩნდება თითოეულ ადამიანს.


ბრძენი

დიდი ჭკუის, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანი.



ლექსიკონის თანახმად, ჭკვიანობა არ გამოდის მთლად სიბრძნე, ანუ ჭკუის გარდა საჭიროა კიდევ ერთი რამ - გამოცდილება. აქედან გამომდინარე ჩვენ გაგვიჩნდება ასოციაცია, რომ ბრძენი ადამიანი, სავარაუდოდ, ასაკით ჩვენზე უფროსია, ან ყმაწვილკაცობაში, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში იმდენი რამ უნახავს, რომ თავად გამოაწრთო ცხოვრებამ ბრძენ ადამიანად.

ყველაზე მეტი მინდა ვისაუბრო ფრაზაზე - “ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე.” ამ ფრაზის მეორე ალტერნატივაც გვაქვს, სადაც ჭკვიანს სულელით ანაცვლებენ ხოლმე. აი ამ ფრაზას მიჩიჩინებდა და დღემდე მიჩიჩინებს ბებიაჩემი ყოველდღე, უკვე 19 წელია, ხანდახან დღეში რამდენჯერმე, მაგრამ მე მაინც ვერ დავბრძენდი.

შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს, რა თქმა უნდა, ეს ხომ ბუნებრივია და არავის უკვირს, მაგრამ ყოველთვის ნეგატივს ნუ დავინახავთ შეცდომებში. დიახ, შეიძლება რამდენიმე მათგანს ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს, მაგრამ მაინც, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს შეცდომები ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, ავდგეთ და კარგად ჩავიბეჭდოთ თავში, რომ აი ერთხელ ეს რომ მივქარეთ და მაგრად შეგვეშალა, შედეგიც ძალიან ცუდი იყო ხომ იყო? იყო, ჰოდა მოდი ჩვენს მეხსიერების ბანკში ჩავბეჭდოთ ეს ემოცია და მაქსიმალურად შევეცადოთ მეტჯერ მსგავსი რამ აღარ დავუშვათ, ერთგვარი რეაქცია განვავითაროთ გონებაში, რომ აი თუ მე ამას კიდევ ვიზამ, რაღაც ცუდი მოხდება და იმპულსურად ტვინმა აღარ მოგვცეს აი იმ ძალიან ცუდი საქციელის ჩადენის უფლება.






ასე იქცევიან ჭკვიანი ადამიანები, ნუ ბებიაჩემის აზრით სულელი ადამიანები, ანუ მე.

მაგრამ აი ბრძენები, იმდენად მაგრები არიან, რომ უყურებენ სხვებს, მათ გარშემო მყოფებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, და ა.შ. თუ რამდენ შეცდომას უშვებენ დღის განმავლობაში და პირველი იმას კი არ ფიქრობენ, რომ აი ეს ადამიანი თავს რა ცუდად გრძნობს, "კისერი მოიტეხა", "რა მაგრად მიქარა", "მოდი ვანუგეშებ”..არაა ბატონო, ფიქრობენ საკუთარ თავზე, რომ მოდი ახლა შენ ჩემო ბრძენო თავო, ნახე ამ სულელს რა მოუვიდა, შენც ეს ხომ არ უნდა მოგივიდეს, ხოდა დაიმახსოვრე რომ ასე არ უნდა მოიქცე არასდროს.

ანუ რა გამოდის? რომ ბრძენები დამპალი ეგოისტი ხალხი არიან?
მე პირადად, ძალიან მეეჭვება. 
და საერთოდ არსებობენ ასეთი ადამიანები ვინც ასე ფიქრობენ?
რომც ფიქრობდნენ, ნეტავ ასე ფიქრი ამართლებს? 

ყველა კითხვაზე ვერ ვცემ საკუთარ თავს პასუხს, ერთადერთი რაც გადაჭრით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ შეცდომები ინდივიდუალურია, როგორც მათი დამშვები არსებები, ანუ ჩვენ. შეიძლება რაც ჩემთვის შეცდომაა, სხვისთვის საერთოდ არ წარმოადგენდეს რაიმე დამაბრკოლებელს, ამიტომ, ჩემი აზრით, თავისუფლად შეგვიძლია საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე ვისწავლოთ ცხოვრებისეული გაკვეთილები და დავბრძენდეთ და სხვებს როცა რამე შეეშლებათ, მაქსიმალურად მივეხმაროთ ამ შეცდომების გამოსწორებაში. 

და მაინც, შეიძლება რომ ადამიანებისგან ვისწავლოთ რამე? ანდაც სწორია მათი ამგვარ კონტექსტში მოხსენიება/აღქმა? ისინი სამედიცინო ჭიქებში (ე.წ. კოლბებში) გამომწყვდეული ნივთიერებები ან კიდევ საექსპერიმენტო ცხოველები ხომ არ არიან, რომელთა დაკვირვებითაც მრავალი აღმოჩენის გაკეთება შეგვიძლია? ან იქნებ არიან...
ამაზე იმედი მაქვს გამცემს პასუხს ჩემი მკითხველი. 





მაგრამ რაღა შორს წავიდე, მე თვითონ მაქვს ჩემს 19 წლიან მოგზაურობაში იმდენი რამ ნასწავლი სხვებისგან..
ბევრმა ადამიანმა მასწავლა  ერთი მარტივი რაღაც - როგორი არ უნდა ვიყო. მაგალითად იმ უამრავმა სიძულვილით აღსავსე, ტვინგამორეცხილმა ადამიანმა, ყველა წარმატებული და მათგან განსხვავებული ადამიანი რომ მთელი არსებით ძულთ, მომცეს მაგალითი თუ რად არ უნდა ვიქცე არასდროს. ანუ აი ოდესღაც თუ მეყოლება შვილი ან ვინმე თუ მოვა და მეტყვის, აი სოფი, იცი რა, გთხოვ მითხარი რა არ უნდა ვქნა რომ არ გამოვჩნდე ძალიან სულელად, შევუშვებ ერთი-ორი ადამიანის პროფილზე, ან რამდენიმე კომენტარს ვაჩვენებ, სულაც ერთს, (ხშირად მათი გონებადახშულობის გადმოცემას ერთ კომენტარშიც კი ახერხებენ, თქვენ წარმოიდგინეთ) და დანარჩენს თუ ჭკუა მოეკითხება თავადაც მიხვდება.

მაგრამ იცით რა? ხშირად ყველაფერს ვერ ვისწავლით სხვებისგან. ჩემი ოცნების მამაკაცს ხატვა შეუძლია, ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ რაც არ უნდა მოინდომოს ხატვას მაინც ვერ მასწავლის, იმიტომ რომ ეს ნიჭი ჩემში არ დევს და არ გამომივა, რამდენიც არ უნდა ეცადოს. ანუ კი, ყველაფერს ადამიანებზე დაკვირვება არ უშველის, დიახ მართალია მარტო წვრთნა რას უზამს არა? ცოტა ხასიათიც თუ არ მიეშველა. :) 

უკვე მესამე მაგრამ-ით მინდოდა ახალი აბზაცის დაწყება, ლამისაა ნამდვილ “მაგრამისტად” ვიქცე, (არა მართლა კი არა) მაგრამ, მაინც მოდით ვეცადოთ ყოველ დღე რაღაც ახალი ვისწავლოთ. მე პირადად მგონია, რომ ყოველდღიურად ვიზრდები და მაქსიმალურად ვცდილობ ვიმუშაო ჩემს უარყოფით მხარეზე, რომელიც ზუსტად ისევე მიყვარს, როგორც დადებითი, რადგან სწორედ ჩემი უარყოფითი თვისებები არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩემი ინდივიდუალურობის და პიროვნების. მის გარეშე, ალბათ მე არ ვიქნებოდი ის რაც ვარ, ამიტომ ვაფასებ მას, მაგრამ მის გამოსწორებას მაინც ვცდილობ. ანუ, ბოლომდე მაინც არ ვებრძვი.

P.S. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ 2500მდე ადამიანს ვინც წაიკითხა ჩემი პირველი პოსტი, უღრმესი მადლობა ყველა ვინც მოიწონა, ვინც არ მოიწონა, ვინც დამეთანხმა და ვინც არ დამეთანხმა. მგონი კარგად წავა ამ ბლოგის საქმე, ჯერ მხოლდო მეორე პოსტია და ყველაფერი რიგზეა.

მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად მომწეროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით, ვიკამათოთ და დავფიქრდეთ.
არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ამ ბლოგზე ვინმეს რამეს ვასწავლი და ვდემაგოგობ, ჩემი მიზანია, რომ ყოველდღიურად რაც გვაწუხებს და რაზეც ვფიქრობთ და ყველაზე ხშირად რა ფრაზებიც გვესმის ისინი გავშიფრო და ჩემეული ხედვა დაგანახოთ. ხო, და რაც მთავარია დაგაფიქროთ. ჩემი პოსტები ერთ ადამიანს მაინც თუ დააფიქრებს, მე ჩავთვლი რომ ჩემი საქმე წარმატებით შევასრულე.

ისევ შევხვდებით! 






CONVERSATION

1 comments:

  1. შენ ნამდვილად ბევრისთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ გეშინია საკუთარი თავის განსჯის, მეორე - არავის "არ ასწავლი ჭკუას", უბრალოდ რჩევას აძლევ, რას გააკეთებდი; გასაოცარია შენი განსჯის უნარი; რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს შენი ბლოგი ^_^

    ReplyDelete

Back
to top