ჩემი არდაბადების საუკუნე

მე მე-20 საუკუნის ბოლოს დავიბადე

ხანდახან მგონია რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა არ დავბადებულიყავი. მეტიც, იმაზეც მიფიქრია რომ ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი - ჩემს მშობლებსაც კი უნატრიათ ოდესღაც რომ ბევრად უმჯობესი იქნებოდა რომ საერთოდ არ ვყოფილიყავი, კი არ გავმქრალიყავი ან მომკვდარიყავი, არა, უბრალოდ საერთოდ არ ვყოფილიყავი, ან ვინმე სხვა ყოფილიყო ჩემს მაგივრად. იმიტომ კი არა რომ მათ არ ვუყვარვარ, ეს სისულელეა და არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ და არც მიფიქრია, უბრალოდ სარგებელზე მეტი ზიანი მომაქვს, ყველასთვის. თუ რამე კარგს გავაკეთებ, აუცილებლად ძალიან დიდი სისულელე უნდა ჩავიდინო, რომელიც მერე ამ ყველაფერს კარგს წონის, ძალიან მაგრად წონის თან

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით წინა წლის სექტემბრიდან მოყოლებული, არ მტოვებს ყოველ ნაბიჯზე ის განცდა, თუ რა კარგი იქნებოდა საერთოდ რომ არ ვიყო. წუთი არ გავა ამაზე ფიქრის გარეშე. იცით რატომ? საერთოდ რომ არ ვიყო, არაფერს ვიგრძნობდი, არც მე ვიარსებებდი და არც ჩემი ემოციები, არც ეს გაუსაძლისი ტკივილი იარსებებდა, არც ის იოტისოდენა სიხარული.. არაფერი არ იქნებოდა. რამხელა სევდაა ისე არაფერში. სიცარიელე ყველაზე დიდი სევდაა და ხანდახან ნეგატივი უფრო მეტის მომტანია ვიდრე სიცარიელე, ხანდახან კი არა - სულ

2017 წელი ამ ბლოგზე ასეთი განწყობით ალბათ არ უნდა დამეწყო, მაგრამ უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. უკვე დიდი გოგო ვარ, თითქმის 21 წლის და ამ დიდმა გოგომ უკვე კარგად დააჯერა თავს რომ სასწაულები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. როცა ამას ყველაზე კარგად ვიაზრებ ხოლმე, სადღაც ჩემი გონების ყველაზე ბნელ კუნჭულში 10 წლის სოფიკო გამოიჩეკება ხოლმე, ბოშა ქალის ტანსაცმელში სკოლის ზეიმისთვის გამოწყობილი, ღიმილიანი და ბედნიერი, და აცრემლებული თვალებით შემომბედავს ხოლმე - “იქნებ ერთხელ მაინც მოხდეს? იქნებ ერთხელ მაინც გაგვიმართლოს?”.. შემდეგ ჩემს მრისხანე მზერას დაინახავს და მიძვრება ისევ სადღაც ძალიან ღრმა კუთხეში და მიიძინებს.

ხანდახან ძალიან ვაბრაზებ ხოლმე, ჩემნაირი ფეთქებადია, ვერ ითმენს და სიზმრებში მოდის ხოლმე ჩემთან სტუმრად და მეჩხუბება, მე მუხლებზე ვდგავარ და ვტირი, ხმას ვერ ვიღებ, ის კი დგას და მეჩხუბება, სახეში მირტყამს და მეუბნება რომ ვძულვარ და მისი იმედების გაცრუებას არასდროს მაპატიებს. მე კიდევ ძლივს ვპოულობ ძალას საკუთარ თავში რომ პატიება ვითხოვო, პატიება ყველა აუხდენელი ოცნებისთვის და ყველა გაცრუებული იმედისთვის, ყველა იმ ტკივილისთვის, რომელსაც ალბათ ვერაფერი შეცვლის. საბოლოოდ ჩუმდება, გულში მიკრავს და მერე უფრო ხმამაღლა და დაუსრულებლად ვქვითინებ და გრძელდება ასე, თითქმის ყოველ ღამე, მაგრამ პერიოდულად… 

მე კიდევ მგონია, რომ მაპატიებს, მგონია რომ გამიგებს და აუცილებლად მაპატიებს ეს გოგონა, ფოტოდან რომ გამოსჭვივის და ბედნიერებას ასხივებს, აუცილებლად გამიგებს და მაპატიებს, სხვანაირად არც გამოვა.

პატიება ყველაზე ძლიერი და დიდსულოვანი გრძნობაა რომელიც ისეთ უსუსურ არსებებს, როგორებიც ჩვენ, ადამიანები ვართ  შეიძლება გაგვაჩნდეს. მხოლოდ იმ ადამიანს არ ანიჭებ ამით შვებას, ვისაც პატიობ, პირველ რიგში შენ იხსნი უდიდეს ლოდს გულიდან ამ პატიებით და მერე უკვე იწყებ ცხოვრებას, ხელახლა

ჰოდა თუ ოდესმე თავიდან დაბადება მომინდება, აუცილებლად ვაპატიებ საკუთარ თავს ყველაფერს. ჯერ ამ ერთხელ დაბადება უნდა ვაპატიო, მერე სხვა დანარჩენი. იმედია სხვებიც მაპატიებენ ამ ცხოვრებას. ხანდახან მართლა მგონია რომ ყველა ჩემს მეგობარს და ყველას ჩემს ირგვლივ ერთხელ მაინც უნანია ჩემი არსებობა და ეს ალბათ ასეცაა. არა, იმიტომ არა რომ არ ვუყვარვარუბრალოდ მართლა რთულად ასატანი ვარ ხანდახან, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. მაგრამ მე არაფერს ვითხოვ, უკვე მაგ ასაკიდანაც გამოვედი სხვებს რომ რამე მოვთხოვო. რაც იქნება - იქნება. ეს ხომ ცხადზე ცხადი და უცხადესია. სულელურად ჟღერს და სანამ კიდევ უფრო მეტ სისულელეს დავწერ, წავალ. იმედია წელს ეს პოსტი პირველი და უკანასკნელი სევდიანი პოსტი იქნება, აჰ, 10 years old Sophiko strikes again, შენც ხომ იცი მკითხველო, რომ ეს ასე არ იქნება და სასწაულები არ ხდება, თანაც ჩემთვის.. 

და მაინც მადლობა ამის წაკითხვისთვის. ჩემს ცხოვრებაში ყოფნისთვისაც მადლობა. მეტი სხვა არაფერი მეთქმის.



ესეც მე, 10 წლის. 





au revoir. 

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment

Back
to top