"I'm sorry it took so long, but you know, LIFE happened"

You can’t put your finger on who I am. I can’t put my finger on who I am. I am complicated. 

გამარჯობა ჩემო მკითხველო, აქაურობა ისე მივატოვე ცოტაც და ბაყაყები დაიგუბებდნენ როგორც იციან ხოლმე დამდგარ წყალში, ხმაურით და სიბინძურით აი ისე, მაგრამ დავბრუნდი მათდა სამწუხაროდ და ვიღაცისთვის სასიხარულოდ. 

არა, მართლა. იმდენად დავიღალე რომ აზრის გადმოცემის უნარიც არ მაქვს. იცით როგორ არ მიყვარს წუწუნი? მაგრამ ისე დავიღალე, ისე, რომ ვწუწუნებ. ე.ი. მართლა ძალიან დავღლილვარ. 

წინასიტყვაობაში ბიონსეს ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან მაქვს მოყვანილი ციტატა. დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე რეალურად შესაძლებელია თუ არა დაამყარო სრული ჰარმონია საკუთარ თავთან, შეიძლება თუ არა იცნობდე სრულყოფილად საკუთარ თავს ან გარშემომყოფებს. 

ხშირად უთქვამთ ჩემთვის ჭკუის სწავლებისას დედაჩემს და ბებიაჩემსაც, "ადამიანთან ერთად სანამ ერთ ფუთ მარილს არ შეჭამ, ვერ გაიცნობ ბოლომდეო” - ეს გამონათქვამი დარწმუნებული ვარ თქვენც გაგიგიათ და თქვენთვის უცხო არ არის, ვინც არ იცის განვმარტავ: ერთი ფუთი იმდენად ბევრია რომ 10 ცხოვრება არ გეყოფა ალბათ ამდენი “მარილის” საჭმელად, შესაბამისად მორალი არის ის, რომ ადამიანს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობ. ხანდახან მეც ასე მგონია და სრულიად ვეთანხმები ვისზეც ოდესმე “თავი დამიდია” და 100% დარწმუნებული ვყოფილვარ მათში, ყოველთვის იმედები გაუცრუებიათ ჩემთვის. თავიდან მეგონა, ალბათ ჩემი ბრალია და ვერ ვისწავლე ადამიანების შეცნობათქო, მაგრამ მერე მივხვდი რომ მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ყველა ადამიანი ძალიან არაპროგნოზირებადია. ნუ არსებობს რაღაც ძალიან დიდი უკიდურესობები რაშიც მართლა დარწმუნებული უნდა იყო და უნდა გქონდეს ადამიანის ნდობა, მაგალითად მე მთელი გულით მჯერა რომ ჩემი ცხოვრების, ბავშვობის საუკეთესო მეგობარი ელენე მისი კარგად ყოფნისთვის მე არ გამწირავს, იგივეს ვიტყოდი ჩემს სხვა უახლოეს მეგობრებზეც, ყველაზე არა, მაგრამ ვინც ჩემს გულთან შედარებით ყველაზე ახლოს მოვუშვი იმათზე. ანუ მე ვიცი, რომ ის მე ზიანს არ მომაყენებს, მე მას ვაძლევ “ნდობის კრედიტს”, მე მასთან ერთად ვცხოვრობ, მე ის მიყვარს, მე მისთვის მეგობარი ვარ და მე მას ვანიჭებ უფლებას მომაყენოს ზიანი (თუ ის ამას მოინდომებს), ვუხსნი ყველა კარიბჭეს და ჩემი სულის კლიტეს იმ იმედით და იმ განზრახვით, რომ ის გახდება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი მესაიდუმლე და ამ ყველაფერს გააკეთებს ისე, რომ პროცესში მე არ დავზარალდები. სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები რომლებიც თქვენი ხელგაშლილობით ბოროტად ისარგებლებენ და ამ ყველაფერს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ახლა დარწმუნებული ვარ სადღაც გონებაში გაგიჩნდათ კითხვა, "როგორ ამოვიცნოთ ისინი?”









მე ისევ კითხვით გიპასუხებთ - საერთოდ შეიძლება  მათი ამოცნობა? იქნებ ეს მეგობრობაც ერთგვარი გამართლებაა, ან იპოვი იმ ერთგულ და ნამდვილ მეგობარს და გაგიმართლებს, ან კიდევ ვერ? რაღაც მხრივ შეიძლება ასეც იყოს. ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ წლები ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები უკვე 14 წელია ჩემს გვერდით არიან, ჩვენ ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, სკოლის კედლებში 12 წელი ერთად "ვიცხოვრეთ" და მე ახლა 100% ვარ დარწმუნებული რომ ჩემს ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გავაკეთო ან არ უნდა გააკეთონ, ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით. იმიტომ რომ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი გამოცდა ჩავაბარეთ (პირდაპირი და ირიბი გაგებით :D ), ერთად ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ერთმანეთი უკვე კარგად გვყავს გამოცდილი. დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მეგობრობაში. ეს იმას არ გულისხმობს, რომ 1 წლის გაცნობილ ადამიანთან ვერ იმეგობრებ, მაგრამ ის შენი ბავშვობის მეგობარი შენია და შენი იყო ყოველთვის,ერთმანეთს უყურეთ როგორ იცვლებოდით, როგორ იზრდებოდით, მათთან ერთად განიცადე ძალიან ბევრი პირველი გრძნობა,აქედან გამომდინარე მის მიმართ მაინც სულ სხვანაირი დამოკიდებულება გექნება ყოველთვის, იმიტომ რომ მას თითქმის მთელი ცხოვრებაა იცნობ. მე მაგალითად ხმის ტემბრზეც და მესიჯში ტექსტის წყობაზეც უკვე ვხვდები ხოლმე ჩემს მეგობრებს რა აწუხებთ, როგორ ხასიათზე არიან, რა გაუხარდებათ და რა ეწყინებათ. ეს ყველაფერი იმ დროის უდიდესი მონაკვეთის დამსახურებაა რაც ჩვენ უკვე ერთად გავატარეთ.





მიუხედავად ამისა, ყველაფერი შესაძლებელია და კაცმა არ იცის ვის რა მოუპრიანებს და დაარტყამს თავში, ვინ რას და როგორ გააკეთებს. მაგრამ მაინც, მე მჯერა რომ ეს ჩემს მეგობრებზე არ ვრცელდება. ალბათ ყველა ადამიანი ასე ფიქრობს და ყველას ასე ბოლომდე სწამს მისი უახლოესი მეგობრების, ეს გრძნობა იმედს წააგავს რაღაცით. ანუ შენ იმედი გაქვს რომ შენი ნდობის კრედიტს ბოროტად არ გამოიყენებენ. ანუ სადღაც ისევ “გამართლებასთან” ვბრუნდებით. ერთგვარი წრეა.

რაც შეეხება ადამიანის ურთიერთობას საკუთარ თავთან და სულიერ ჰარმონიას, ჩემი აზრით, კაცობრიობისთვის მიუღწეველია ეს გრძნობა ჯერჯერობით. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე იდეალური ადამიანებიც კი არ არიან სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან. მე იმასაც ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე დიდი მეგობარი და ამავდროულად მტერი ძნელია შეიძინო ადამიანმა. მეგობარი, რომელიც იცი რომ არასდროს მიგატოვებს მაგრამ შეიძლება უცებ ისეთი ზიანი მოგაყენოს გაუაზრებლად და დაუფიქრებლად, რომ მიღებული ხლაფორთისგან თავის დაღწევისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდეს. განა მართლა ასე არ არის? ისე სხვა რა გზაა, საბოლოოდ მაინც მარტო ვართ ამ ქვეყანაზე, სიბნელეში ჩვენი ჩრდილიც კი გვტოვებს-ო ნათქვამია :) 

ისე, ახლა რომ დავფიქრდი საკუთარ თავს ძალიან ბევრი რაღაცისთვის მოვუხდიდი ბოდიშს. რეალურად 19 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სულიერი თუ ფიზიკური(ჯანმრთელობის მხრივ) ზიანი საკუთარი თავისთვის მხოლოდ მე მაქვს მიყენებული. ამავდროულად, 19 წელია უკვე  ყველაზე მაგარ მეგობრობას მაინც საკუთარი თავი მიწევს და საბოლოოდ მაინც მარტო ვუმკლავდები ყველა პრობლემას და დაბრკოლებას. არაერთხელ გაუკვირვებივარ საკუთარ თავს ჩემი ქმედებით, ხანდახან ისეთი არაპროგნოზირებადი რამ გამიკეთებია რასაც ახლაც ვერ ვიაზრებ რატომ გავაკეთე, უჰ, დავფიქრდი და იმდენია ეგეთი… ბევრი რამ არის, რასაც ვნანობ. ისიც ბევრია, რაც არ გავაკეთე და იმიტომ ვნანობ. რეალურად, მე ვარ იმის ნათელი მაგალითი, რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი მოყვარე, ისევ ჩვენ ვართ. 

ამიტომ არ მიყვარს ხოლმე რომ იძახიან  კატეგორიულად რაღაცაზე არასდროს გავაკეთებო. კაცმა არ იცის ვინ რას იზამს, ვინ რა გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდება. ნუ რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ჩარჩო, ძალიან დიდი უკიდურესობა, რის იქეთაც იცი რომ არ გადახვალ, ყოველ შემთხვევაში 70% მაინც მჯერა იმის რომ მასობრივ ტერაქტს არ მოვაწყობ ქალაქის ცენტრში, ოდესმე :)) 

მოკლედ :) ბოლოს კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით, იმას რომ ნუ დაიხევთ უკან საკუთარი ბედნიერებისთვის, ნურასდროს. ბედნიერება ისეთი რამეა რისთვისაც შენ უნდა გადადგა ყოველთვის პირველი ნაბიჯი,  შენ უნდა მოიძიო, შენ უნდა მიაღწიო იმ მდგომარეობას, იმ დანიშნულების ადგილს სადაც ყველაზე ბედნიერი ხარ. არ უნდა შეგრცხვეს ამ ნაბიჯის გადადგმის, თორემ მომავალში ძალიან დიდი სინანული გელის. 

ახლა ღამის 4ს ნახევარია. მე ძალიან მინდა ვიყო ბედნიერი, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. ჩემს ცხოვრებაში იმდენი მაგარი რამ მოხდა, წესით ახლა სიხარულით ცაში უნდა დავფრინავდე, მაგრამ "ვერ". თითქოს ვცდილობ რომ ვიფრინო სიხარულისგან,წუთიერად ეს გამომდის კიდეც, მაგრამ ვიღაც ან ვიღაცები მექაჩებიან ქვემოთ. იქნებ ეს ვიღაც მე ვარ თვითონ? და ბედნიერება ისეთი მარტივია რომ თუ გინდა ელემენტარულითაც უბედნიერესი იქნები? ამაზე პასუხს ჩემი მკითხველისგან ველი.

დღეს ძალიან გამეწელა სჯა-ბაასი. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ იმდენად დავიღალე რომ ეს დაღლა წონის ჩემს ბედნიერებას. დავიღალე ყველაფრისგან, თან უზომოდ დავიღალე. დამღალა 2015მა წელმა და ერთი სული მაქვს როდის წავა. იმედს არ ვკარგავ მომავლის, უჰ, რას ამბობთ, წინ იმდენი რამეა, ძალიან დიდი გზაა გასავლელი. 

ბოლოს კი ადელის პატარა ჩანაწერს დაგიტოვებთ.
იმედი მაქვს მე მალე დავბრუნდები.



 Au Revoir . 



CONVERSATION

0 comments:

Post a Comment

Back
to top