Life is tough and maybe, so am I .

     



           Why do you deny yourself heaven? Why do you consider yourself undeserving? Why are you afraid of love? You think it's not possible for someone like you. But you are the love of my life. You are the love of my life. Love of my life ... 
 










ცხოვრება უამრავი სირთულითაა სავსე.
არა, ახალი არაფერი მითქვამს.
ეს ისედაც ყველამ იცით.
მე არ ვიცოდი და ნელ-ნელა ვიგებ.

მე იმ ძალიან იღბლიანი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებისთვისაც რატომღაც ყველაფერი ყოველთვის ისე იყო, როგორც მათ უნდოდათ. ჩემი მშობლებისთვის ერთადერთი შვილი ვარ და ყოველთვის ძალას არ იშურებდნენ და აკეთებდნენ მაქსიმუმს იმისთვის რაც მე დღეს ვარ და რაც მე დღეს მაქვს. ეს ისაა რასაც ვერასდროს დავუბრუნებ მათ, ნახევრადაც კი. ალბათ საკუთარი შვილებისთვის იმავეს გაკეთებას თუ შევძლებ მათთვის დაფასებაც ეს გამოვა და დიდი იმედი მაქვს რომ ამას შევძლებ.

მაგრამ მაინც ჩნდება ხოლმე ერთი დიდი პრობლემა. როცა ამდენ სიყვარულს და სითბოს მიჩვეული ვარდისფერსათვალიანი, კიკინებიანი გოგონა რეალობას ასკდება თავით და ეს სათვალე თვალებში ემსხვრევა.

20 წლამდე გავქაჩე და მერე რაც აქამდე არ ყოფილა, ყველაფერი ერთად დაიწყო.

როცა რამეზე ვნერვიულობ, ვერაფერს ვჭამ. რომ მოვკვდე, ერთ ლუკმასაც კი ვერ გადავყლაპავ, აბსოლუტურად ყველაფერზე გული მერევა. ბოლო 3 თვეში სტრესის და ნერვიულობის გამო 8 კილო დავიკელი, ვერტიგო (პოზიტიური თავბრუსხვევა) დავიმართე, კიბეზე თავბრუ დავიხვიე, დავეცი და ფეხი ვიტკინე, ერთი თვე ცალ ფეხზე ვიხტუნავე მაგრამ ახლა ორივეზე მყარად ვდგავარ, ისე მყარად როგორც არასდროს.

ახლა 21 წლის ვარ. ზუსტად 1 კვირაა რაც 21 წლის ვარ და უკვე ყველაფერი იცვლება. ჩემი ვარდისფერი სათვალის ნამსხვრევებს უფრო და უფრო ცხადად ვგრძნობ, უფრო და უფრო მეტად მერჭობა და უფრო მეტ სისხლს მადენს. ჩემი აშენებული ქვიშის კოშკები სანაპიროზე ზღვამ წალეკა, ისე რომ უკან არაფერი დატოვა. ჩემი ოცნებები კი ჩემს თვალწინ ჩემი ხელით ნაკუწ-ნაკუწ დავაქუცმაცე და არარაობად ვაქციე.

რატომ დავივიწყე ასე საკუთარი თავი? რაც შეიძლება მეტ პრობლემას რატომ ვიქმნი ყოველთვის ? ისე მართალია, საკუთარ თავზე დიდ მტერს ადამიანი ცხოვრების მანძილზე ვერ შეიძენს. ერთდროულად შეიძლება იყო საუკეთესო მეგობარი შენი თავისთვის და ყველაზე უკონტროლო, ვერაგი მტერი.

მაინც სად ვარ და რა ხდება? საით მივდივარ? ..

მარტო ვარ. სრულიად მარტო. როგორც ყველა სხვა ადამიანი საკუთარ თავთან მარტოა, ისევე მეც ვარ ჩემს უამრავ პრობლემასთან ერთად სრულიად მარტო და რას ვგრძნობ, იცი, ჩემო ძვირფასო მკითხველო? არაფერს. გარდა იმისა რომ I’m not enough. Not this time.

საკუთარი თავი არაერთი წუმპიდან ამომითრევია და ახლაახლა პირიქით. 4 თვეა უფრო და უფრო სიღრმეში ვექაჩები ჩემს თავს. საკუთარ საფლავს ვითხრი იმ ხელებით, რომლებშიც ძალა თითქმის აღარ მაქვს. ცოცხლად დავმარხე საკუთარი თავი და მიწაც ზემოდან მივიყარე, სადღაც მთის ძირში, ზედ კი დიდი იასამნის ხეც მე თვითონ დავრგე იმ იმედით რომ იასამნად მოვალ და შევაყვარებ თავს იმათაც კი, ვინც ჩემი სიყვარული ვერ შეძლო

ცხოვრება რთულია. ყველაზე რთული იცით რა არის? შენი საყვარელი ადამიანის ყურება რომელიც შენგან მიდის, ისე, რომ უკან არც იხედება. როგორ პატარავდება ნელ-ნელა, როგორ ჩერდება და ნელდება დრო, როგორ უჩქარებს მერე ის ნაბიჯებს და როგორ პატარავდები შენ ერთ ადგილას მიწებებული, გაშეშებული, ხმას ვერ პოულობ რომ დაუძახო, მოაბრუნო, მუხლებზე დაუჩოქო და შეეხვეწო რომ დაბრუნდეს. არადა როგორ გინდა რომ იღრიალო იმ მომენტში, არაადამიანური ხმით იყვირო და ამოაფრქვიო ყველა ის ემოცია რაც გაქვს.. ამ დროს ის ჰორიზონტზე უჩინარდება, შენ კი ისევ ძალიან პატარა, ერთი ციდა ხარ და ძალას ძლივს იკრებ რომ ფეხზე დადგე და შენს გზაზე, სულ სხვა მხარეს წახვიდე.

მერე მოვა ისევ 10 წლის მე, ბოშის ტანსაცმლით, თმებში ვარდებით, ხელს ჩამჭიდებს და წამიყვანს. იასამნის ხეებით სავსე ბაღში წამიყვანს და თავს შემაყვარებს, სიცოცხლეშივე. ბევრ იასამანს დავკრეფთ ერთად და ისევ მოვიყვანთ გაზაფხულს.

ცხოვრება ხომ გრძელდება.. გვინდა თუ არა ეს ჩვენ, მაგის მიუხედავად, არც გვეკითხება, უბრალოდ გრძელდება. რთულად, მაგრამ მაინც..

Life is tough, but maybe so am I…



au revoir. 

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment

Back
to top