მე და არავინ სხვა ჩემს გარდა










როდესაც ახალშობილი იბადება, ერთი სივრციდან მეორეში გადმოინაცვლებს ხოლმე, 9 თვიანი სახლიდან ახალში გამოდის, უფრო გრძელვადიანში, ნელ-ნელა ეჩვევა ახალ გარემო-პირობებს და ახალ სამყაროს ტირილით ხვდება. რატომ ტირიან ახალშობილები დაბადებისთანავე ? ჟანგბადისთვის, ფილტვები რომ გაეხსნათ და ისუნთქონო, მე ასე გამიგია. დედისთვის ეს ყველაზე შვებისმომგვრელი მომენტია, ყველა ტკივილი და ყველა ტანჯვა ავიწყდება ამ წუთში, როცა მისი შვილის ტირილის ხმას გაიგებს, ანუ ის ტირის, სუნთქავს, ჯანმრთელია. საოცარი რიტუალია. 

მე შემიძლია ვწერო ვრცელი აბზაცები იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან შეგვიძლია გავაიგივოთ ახალდაბადებული ბავშვის ტირილი. მაგრამ არ მინდა და არც არაფერი სხვა მაფიქრდება, უფრო ლამაზი და მშვენიერი.

ამ ამბავს იმიტომ ვყვები რომ დღეს მარტოობაზე უნდა ვისაუბრო. ანუ, როგორც მარტო შენ იბადები და არავინ შენთან ერთად,  ისე აგრძელებ ცხოვრების გზას მარტო, ყველას გარეშე და ასევე მარტო უნდა მოკვდე. ვერც ვერავინ ჩამოგყვება მიწაში და ვერც ვერავის მოთხოვ ამას.

ამაზე ბევრი მიფიქრია, ისე. სიკვდილზე. ის ვიცი რომ მე რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, დედაჩემი აუცილებლად ჩამომყვებოდა. ან არ ჩამომყვებოდა. მე არ მომითხოვია ყოველ შემთხვევაში. 2-3 კვირა იტირებდა ყველა და მერე გაგრძელდებოდა ცხოვრება ჩვეულ რიტმში. ადამიანის ბუნების ამაზრზენობა ხომ სწორედ ეს არის, ყველაფერს ეჩვევი ადრე თუ გვიან. მეც მივეჩვევი ალბათ ამ უდიდეს ტრავმას და ტკივილს რასაც ვატარებ, მაგრამ ალბათ გვიან, “ადრე”- ვადა უკვე ამოიწურა. 

შენს ტკივილთანაც მარტო ხარ ადამიანი. რაც არ უნდა ლოიალური და გამგები სამეგობრო წრე გყავდეს, შენსავით მართლა ვერავინ იგრძნობს და შეისისხლხორცებს იმას, რაც შენ გადაგხდა თავს. ერთადერთი რაც ჩვენი მეგობრებისგან გვინდა და რისი მოთხოვნის უფლებაც გვაქვს, გაგებაა. ტკივილის გაზიარება და ერთმანეთის გაგების უნარი.

ჩემი არავის ესმის. უკანასკნელი 10 თვის მანძილზე მე არ მყოლია ადამიანი გვერდით რომელიც დაჯდებოდა და უბრალოდ მოუსმენდა ჩემს წუწუნს. არ მინდა ვინმეს უმადური ვეგონო, ეს ბოლო კრიზისული პერიოდი ჩემმა ყველა მეგობარმა ჩემთან ერთად გამოიარა, აქ სხვა რამეზე ვაკეთებ აქცენტს. ყველა რაღაცას მიხსნის, ყველა რაღაც ახსნა-განმარტებას მაძლევს, ზოგი მე მამტყუნებს, ზოგი მამართლებს, ზოგი იმას მეუბნება რომ რაღაც სხვანაირად უნდა გამეკეთებინა, ზოგი ლექციას მიკითხავს იმასთან დაკავშირებით რომ ძალიან დიდი ღვთის წყალობა ვარ და ვინც დამკარგა იმას აქვს სადარდებელი და არა მე

იცით რა დამღლელია ეს ყველაფერი ? გაუთავებელი ლაპარაკებიათასი თეორიები …. მაშინ როცა არაფერი იცი , კიდევ ათასი კითხვის დამატება საერთოდ უდიდეს დომხალს ქმნის თავში. მე კიდევ არ მინდა რომ დამამშვიდონ და დამაწყნარონ, არც ის მინდა რომ რამე ამიხსნან, ეს ყველაფერი არაფერს ცვლის, სურათი იგივეა, მე ისევ ძალიან მძიმედ ვარ და არ მინდა კიდე განმარტებების მოსმენა. უბრალოდ მინდა რომ დავიცალო და მინდა რომ მომისმინონ. მინდა რომ ჩემი შიშების და ტკივილის შესახებ მოვუყვე ადამიანებს, რომლებიც მომისმენენ და წამით მაინც შეძლებენ ჩემს ადგილას თავი წარმოიდგინონ. მე არ მჭირდება გამართლება, არც გამტყუნება არ მჭირდება, არც approval მჭირდება ჩემი მეგობრებისგან, არც სხვისი ლანძღვა და ჩემი განდიდება არ მჭირდება, მე გაგება მინდა მხოლოდ, გაგება იმის რაც მოხდა, იმ უდიდესი უბედურების რაც მე გადავიტანე და იმის, რაც დაღად უნდა დამაჩნდეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ნუთუ ასე რთულია ? მაშინ როცა ყველასი უსიტყვოდ მესმის. მაშინ როცა ყველაზე უკანასკნელ სისასტიკესაც კი გავიგებ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან და მაინც გვერდში დავუდგები, იმის გაგება რთულია რომ ძალიან ნატკენი მაქვს გული, მხოლოდ იმიტომ რომ 10 თვის მანძილზე თოჯინასავით მექცეოდნენ ?

თქვენ იცით რას ნიშნავს იყოსათამაშო” ? რომელსაც დრო და დრო კარადის თავზე შემოდებენ, როცა მოენატრებათ ჩამოიღებენ, ითამაშებენ, მერე ისევ კარადის თავზე დააბრუნებენ, მტვერი დაედება, გავა დრო, ისევ ჩამოიღებენ და გაერთობიან და მერე ან სანაგვეზე მოისვრიან საბოლოოდ ან კიდევ, ისევ კარადის თავზე. ალბათ, რა კარგია რომ გეგულება ასეთი სათამაშო სადღაც, უკვე განაღდებული რომ გაქვს და სულ შენია, რასაც გინდა და როგორც გინდა ისე უზამ. სათამაშოს რომელიც არაფერს გთხოვს, საერთოდ არაფერს. უანგაროა. ის სულ იქ არის, ვერსად წავა, ერთ ადგილასაა დაგდებული, იმ ადგილას სადაც შენ დატოვე და ისევ იმის მოლოდინშია როდის მოგინდება იმით თამაში. 

ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ცოცხალ ადამიანზე. 

წარმოიდგინეთ ? 


დიდი მადლობა მოსმენისთვის.

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment

Back
to top