"I'm Okay"



ჩემთვის რომ ეკითხათ ყველაზე ხშირად რომელ ფრაზას/რას იტყუებიან ადამიანებიო ზუსტად ამას ვუპასუხებდი.


                                                           "- როგორ ხარ?
                                                            - კარგად, შენ?
                                                            - მეც კარგად"

ალბათ წარმოიდგინეთ ყოველდღიურად რამდენჯერ გვიწევს ამ დიალოგის "გავლა" უამრავ ადამიანთან და თითქმის ყველას ვატყუებთ. მოპასუხე იშვიათად თუ იქნება, რომ გულწრფელი იყოს, დიახ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვართ კარგად.

ვიღაც აუცილებლად შემედავება, რომ სიტყვა "მიყვარხარ" არის ყველაზე ხშირად მოტყუებული და გაუფასურებული სიტყვაო, მაგრამ ეს უკვე არსებული სტერეოტიპია, კლიშე, გაცვეთილი ამბავია, რომ თურმე ეს სიტყვა თვითონ უკვე დიდი ხნის წინ გაცვდა. სანამ ამ სერიოზულ მოვლენამდე მივალთ მანამდე ამ პატარა დიალოგზე გვაქვს სადავო.

პირველ რიგში, დავიწყოთ თვითონ კითხვით. -"როგორ ხარ?" -
კითხვა ისმევა რამდენიმე შემთხვევაში. როცა ქუჩაში/სკოლაში/უნივერსიტეტში/ბაღში/კინოში მოკლედ, ნებისმიერ ლოკაციაზე გვხვდება ნაცნობი ადამიანი, პირველი ვსვამთ ამ შეკითხვას, ნუ ან არსებობს მეორე ალტერნატივა -  "რას შვრები?"- , რომელიც ჩემთვის თითქმის იმავე მნიშვნელობას ატარებს. ნეტა მართლა ყველა, ვისაც ამ კითხვას ვუსვამთ, გულწრფელად გვაინტერესებს როგორ არიან?

თბილისი პატარა ქალაქია. ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდებით და უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხება, ყოველ დღე ერთი და იმავე ადამიანებს ვუსვამთ ამ შეკითხვას, დღეში კი შეიძლება მინიმუმ ათჯერ მოგვიწიოს ამ დიალოგში სხვადასხვა ადამიანებთან მონაწილეობა. ანუ რა გამოდის, რომ მთელი დღე ჩვენს გარშემო მყოფთა სულიერ მდგომარეობაზე ვფიქრობთ? თუ წამიერია ეს და იმ დიალოგის დასასრულისთანავე მთავრდება ფიქრი? თუ არადა,  აბა რატომ ვსვამთ ამ შეკითხვას?

ამაზე პასუხი თავადვე ვიპოვე. ალბათ ზრდილობის გამო. ე.წ. თავაზიანობა მოითხოვს თითქოს ამ კითხვის დასმას. მაგრამ არის ერთი მომენტი. თუ პასუხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, რატომ ვსვამთ კითხვებს? მხოლოდ ზრდილობის გამო? თუ უკვე ჩვევად გვექცა?

ამ კითხვაზე არსებობს პასუხის 3 ალტერნატივა:
1. კარგად
2. ვარ რა
3. ცუდად

ნუ აღმატებით ხარისხებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას. (მაგ, ძალიან კარგად/ძალიან ცუდად)
პირველი ორი პასუხის შემთხვევაში დიალოგი მალევე სრულდება და უკვე თქვენი "ყოფა" აღარავის აინტერესებს (სავარაუდოდ დიდად არც მანამდე აინტერესებდათ)  და შემდეგ დიალოგი ან სრულდება საერთოდ, ან კიდევ თემა იცვლება. აი მესამე პასუხზე კი ალბათ ისევ თავაზიანობის მოტივით აუცილებლად შეგეკითხებიან "უი რატომ? ხომ მშვიდობაა?" ნუ გასარკვევია, თავაზიანობაა ეს თუ ინტერესი შენი ცუდად ყოფნის მიზეზისა.

ანუ მოდით შევთანხმდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს გულწრფელად როგორ ვართ, უბრალოდ ვცდილობთ ზრდილობიანები ვიყოთ და დავასრულოთ ეს ნაწილი.

ახლა, რაც შეეხება პოსტის მთავარ ნაწილს - პასუხს.


სავარაუდოდ თქვენი პასუხი 99%-ით ტყუილია, იმიტომ რომ როგორც ავღნიშნე ჩვენ არ ვართ კარგად, მაგრამ ამას არასდროს დავანახებთ სხვას, მითუმეტეს ქუჩაში შემხვედრს, იმიტომ რომ
  1. ვიცით თქვენ ეს დიდად არ გაინტერესებთ
  2. შესაძლოა ჩვენი კარგად არყოფნის მიზეზმა გაგახაროთ
  3. გარემოება იმდენად მძიმეა, რომ გვირჩევნია ეს პრობლემები ჩვენთვის შევინახოთ და ზედმეტად არ მოგახვიოთ თავს
  4. ზედმეტად ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ჩვენი სისუსტე ვინმეს დავანახოთ, ამიტომ გვირჩევნია თავად გავუმკლავდეთ სიძნელეებს, ზედმეტი ადამიანების ჩარევის გარეშე.
  5. ან ძალიან გვეჩქარება და უბრალოდ თავაზიანობის გამო მოგესალმეთ და შემოვედით დიალოგში, თან თქვენ თვითონ წამოიწყეთ საუბარი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ზრდილობის ფარგლებში რაც შეიძლება მალე დავასრულოთ დიალოგი. 

მე კი გამოვყავი და ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ თბილისზე ვწერ, მაგრამ TUMBLR-ს რომ გადახედოთ ნახავთ, I AM FINE გლობალური პრობლემაა.

ანუ რა გამოდის? რატომ ვიტყუებით? რატომ არ ვართ გულწრფელები?
ჩემი აზრით, ყველაფერი თავისთავად კითხვიდან მოდის. ვწვდებით მკითხველის პათოსს და პასუხსაც აღარ ვცემთ გულწრფელად.
გამოდის, რომ ზედმეტად ძლიერები ვართ და ცხოვრებისეულ სიძნელეებს მარტოც კარგად ვუმკლავდებით. ამიტომ ფრაზა I AM FINE თითქოს ძლიერების გამომხატველიცაა, მოგეხსენებათ, მედალიონს ორი მხარე აქვს  :) 

ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ამ ფრაზის უკან რეალობის მოძებნას. ბრმად ვუჯერებთ ერთმანეთს, თვალს ვუხვევთ საკუთარ მეგობრებს, ნაცნობებს და ისინიც გულგრილად იჯერებენ. იშვიათად თუ გაუჩნდება რომელიმე მათგანს ჩაძიების სურვილი და გეტყვიან "No you're not fine"....

არადა ადამიანი ადამიანისთვის დღეა. რამდენ რამეს შევძლებდით ერთად, ყოველდღიური ტვირთის ტარებაში ერთმანეთს რომ ვეხმარებოდეთ. დღეს მე, ხვალ შენ და ასე. დედამიწისთვის მიუღწეველი ჰარმონიაა. 

მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად ამ პოსტის ავტორი არავითარ შემთხვევაში არ მოგცემდათ საშუალებას დახმარების, თვითონ სოფი აუცილებლად დაგეხმარებოდათ, მაგრამ როგორც მეუბნებიან მას საშინლად არ უყვარს პირად ამბებზე და გრძნობებზე ხალხთან საუბარი, ამიტომ იშვიათად თუ მიმართავს ვინმეს დახმარებისთვის.

ამიტომ ნუ დაუჯერებთ მის "I am fine"-ს ყოველთვის. მაგრამ ნურც ჩაეძიებით.

აი სხვებზე კი რა გითხრათ. 

ცოტაა სოფისნაირი ჯიუტი. 

ვინც მოგცემთ საშუალებას აუცილებლად მიეხმარეთ, როგორც უკვე ვთქვი, დღეს თქვენ, ხვალ ისინი მოგეხმარებიან.

ვეცადოთ ნაკლებად მოვატყუოთ ერთმანეთი და ნაკლებად ვიყოთ გულგრილები. ყოველთვის ვიფიქროთ იმაზე, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ისტორია აქვს, საკუთარი გზა რომელიც ძალიან ძნელია, ათასი აღმართებით და შესაბამისად - დაღმართებითაა სავსე, თითოეული ადამიანი საკუთარ წიგნს წერს რომელსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაასრულებს, ეს წიგნი სხვადასხვა ნაწილებისგან შედგება, ზოგიერთი ნაწილი პატარაა, ზოგიერთი შედარებით დიდი, ზოგჯერ ეს ნაწილები სხვადასხვა პერსონაჟებისგან შედგება. 

და მაინც,  are we fine? 

და მაინც, თუ ვიტყუებით, ან კითხვაში, ან პასუხში - რატომ?

P.S. ეს ჯინი ნიტროს ბლოგია, ანუ სოფის.
ჯინი ნიტრო ბუკოვსკის "მაკულატურადან" გავიცანი, ეპიზოდური პერსონაჟია, დიდი არაფერი, პლანეტა "ზაროსიდან" მოვიდა ვითომ დედამიწის დასაპაყრობად, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. უბრალოდ ამ სისულელეებით სავსე წიგნში ერთადერთ დადებით პერსონაჟად მომევლინა და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ბლოგის სახელწოდება მისი ყოფილიყო.

ჩვენ კიდევ შევხვდებით, დედამიწელებო.








                                                                                       

CONVERSATION

2 comments:

Back
to top