ჩემი "კაფე დე ფლორი"


სანამ კითხვას დაიწყებთ, ჩემი თხოვნაა ეს მუსიკა გქონდეთ ფონად ჩართული. https://www.youtube.com/watch?v=t6bDsX5Ek3U 



ამ ფილმის შესახებ აქამდეც ძალიან ბევრი მსმენია, მაგრამ ნახვა ვერასდროს მოვახერხე. MUST WATCH ლისტში პირველი იყო, მაგრამ რატომღაც გადავდე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეტჯერაც და ვერა და ვერ მოვახერხე დავმჯდარიყავი და მეყურებინა. ერთ დღესაც ივენთი შემხვდა ფეისბუქის სქროლვისას, მზიურში იყო ერთ-ერთი თავისუფალი კინოჩვენება და სწორედ ამ ფილმს აჩვენებდნენ ქართულად გახმოვანებულს. ალბათ აქამდეც იმიტომ გადავდე ამდენჯერ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე და იმ გარემოში უნდა მეყურებინა ამ ფილმისთვის პირველად. ხელი მოვკიდე ჩემს დაქალს რომლის დაბადების დღეც იყო იმ დღეს, განსაკუთრებულს არაფერს ვაპირებდით, ჰოდა წავედით მზიურში ამ ფილმის სანახავად, არც მას ჰქონდა ნანახი. ორივე ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდით. თავიდანვე ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა, ბევრ რაღაცას ვერ მივხვდი, ცოტა გაურკვევლობაშიც ჩავვარდი, მაგრამ ბოლოს თანდათან რომ მახსენდებოდა რაღაც მომენტები ამ ფილმიდან, უფრო და უფრო მომწონდა, საბოლოოდ კი საშინლად შემიყვარდა. ეს მუსიკა კი, მართლაც საოცარია. მინდა რომ ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი იყოს. 

არ მინდა ეს პოსტი ვინმემ ფილმის რეცენზიად და განხილვად მიიღოს, საერთოდ არ ვთვლი რომ ისე კარგად ვწერ რაიმეს განხილვის სრულყოფილად დაწერა შემეძლოს, უბრალოდ ჩემი თვალით დანახული და აღქმული ეს ერთი ძალიან კარგი ფილმი მინდა დაგანახოთ. ზოგს შეიძლება გაეცინოს კიდეც და ძალიან "ეპაპსავოს"ჩემი განცდები, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. 






ძალიან მიყვარს ის მომენტი, როცა ანტუანი მის ფსიქოლოგს ესაუბრება, თან ის ახსენდება მისი მონათესავე სული პირველად როგორ ნახა. ვუყურებ ამ სცენას, ორიგინალში, ფრანგულ ენაზე საუბრობენ, ერთი სიტყვაც კი არ მესმის, მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ყველაფერი იმდენად ნაცნობი და შინაურულია ჩემთვის, გადათარგმნაც კი არ მჭირდება. ფრანგული ენა ჩემთვის რაღაც აღმატებული იყო ყოველთვის, ბავშვობიდან ასე მგონია, რომ ფრანგული ვინც იცის ძალიან განათლებული და ინტელიგენტი ადამიანი უნდა იყოს. ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი მე უკვე მინახავს, მეც მიგრძვნია და ძალიან ნაცნობია ჩემთვის. მუსიკაც კი, როგორ ზუსტად არის შერჩეული, ამ ულამაზესი მუსიკის ყველაზე საჭირო მომენტები ისმის, ყველაზე საჭირო დროს. მთლიანობაში კი საოცარ სიუჟეტს ქმნის. ყრუ ვარ იქამდე, სანამ ანტუანი არ ეუბნება მის ფსიქოლოგს, “Stoner’s nonsense, right? Sorry man, old habit”. საინტერესოა ისე, ცხოვრებაშიც ხდება ასე, ვართ რაღაც მდგომარეობებში, ცხოვრების რაღაც ეტაპზე სადაც არაფერი გვესმის, როგორც მე ფრანგულ ენასთან ვარ გაურკვევლობაში და მხოლოდ “კომსი კომსა, ჩემო შუქრი” გამიგია ამ ენაზე, აი ეგეთ უაზრო გაურკვევლობებში არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ მაინც მშვიდად ვართ, იმიტომ რომ ხანდახან ამ ძალიან დიდ გაურკვევლობაშიც შეიძლება იპოვო ადამიანმა რაღაც ძალიან ნაცნობი და ძალიან შენი. რამდენჯერ გავჩერებულვართ ასე, ავყოლილვართ მუსიკას და როგორც ანტუანის ირგვლივ ტრიალებს კამერა, იმ მომენტში ჩვენც წარმოგვიდგენია ან გვგონებია, ან ძალიან გვდომებია რომ ასე კამერებს, ან სულაც ერთ კამერას ეტრიალა(თ) ჩვენს ირგვლივ და ეს თითქოს ძალიან ჩვეულებრივი წამები როცა ჩვენს გარშემო მყოფებს ვაკვირდებოდით და თითქმის ბედნიერების მწვერვალს ვაღწევდით, აი ეგ წამები გადაეღოთ და დაეფიქსირებინათ, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად მაგ ყველაზე საჭირო და სასიამოვნო მომენტებს ვაფიქსირებთ ყველაზე იშვიათად, არამხოლოდ კამერით და ფოტოზე, არამედ ცხოვრებაშიც, ჩვენს მახსოვრობაშიც, როცა ხელიდან გვისხლტება “მომენტები” მხოლოდ შემდეგ ისევ ვჩერდებით მუსიკის ფონზე და ისევ ვცდილობთ რაღაცების სწორად დაფიქსირებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში - ამაოდ. 


სწორედ ამიტომ ვნატრობთ ალბათ ხანდახან ჩვენს ოცნებებში, რომ თვალების მაგივრად პატარა ფოტოაპარატები გვქონდეს, რომლის მთავარი ღილაკიც ტვინში იქნება მოთავსებული და საშუალებას მოგვცემს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ღირებული მომენტები ხელშესახებად ვაქციოთ. ნეტავ რა ქვია ამ სურვილს? სურვილს, სხვებს შენი თვალით დანახული მათი თავი აჩვენო. და ნეტავ რას იფიქრებდნენ ისინი, როცა საკუთარ თავებს სხვების თვალებით შეხედავდნენ. ალბათ მოგვეწონებოდა, გავბრაზდებოდით, დავიწყებდით იმის მტკიცებასაც რომ არა, ასეთები არ ვართ, და შეეშალათ, ცუდად გვხედავენ, არასწორად. ხანდახან მოულოდნელადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩებოდით, გაგვიხარდებოდა, გავიცინებდით, ვიტირებდით და უფრო მრავალფეროვნად ვიცხოვრებდით.


მაგრამ ასე არ არის, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ. იმიტომ კი არა, რომ ბანალურად "სამწუხაროდ"-ს აუცილებლად "საბედნიეროდ" უნდა მოსდევდეს, არა, მართლა ორაზროვანია ეს მოვლენა, ვისთვის კარგი იქნებოდა, ვისთვის ცუდი.


ჩემთვის? არ ვიცი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაინტერესებს სხვისი თვალით დანახული საკუთარი თავი, მეშინია. მეშინია იმის, რომ ვიღაც აუცილებლად დაინახავს ჩემს სუსტ მხარეს, რომლის დამალვასაც დიდი ძალისხმევით ვცდილობ, რომ ვინმე აუცილებლად შეამჩნევს ამ უდიდეს სევდას, რომელსაც მე ასე ჩუმად დავატარებ და ვცდილობ მაქსიმალურად მივჩქმალო, და საბოლოოდ ეს ძალიან არასრულყოფილი და არეულ-დარეული სურათი შეიძლება ძალიან არ მომეწონოს და უფრო დამთრგუნოს.
ვინ იცის, იქნებ ვინმე უკვე მხედავს ასეთს. იქნებ ეს შიში მხოლოდ ჩემი არ არის და სხვებისთვისაც ნაცნობია. 

I guess I’ll never know...


P.S. თბილისში კი 10 წლის შემდეგ აუცილებლად იარსებებს კაფე დე ფლორი, უფრო კარგი და დადებითი ისტორიებით, ცოტა სევდითაც, ბევრი სიხარულით და ძალიან ლამაზი გარემოთი. კი, იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე პარიზშია.. კაფე, სადაც ყოველ დღე დღის დასაწყისში დილით, და დღის ბოლოს - გვიან ღამით, სანამ კაფე საბოლოოდ დაიხურება ხოლმე აუცილებლად იჟღერებს ეს ძალიან ლამაზი და საინტერესო მელოდია, რომელიც ჩემს გარდა კიდევ ბევრ სხვასაც დააფიქრებს. 

au revoir.

CONVERSATION

0 comments:

Post a Comment

Back
to top